პრაქტიკული კვლევა
როგორ დავეხმარო მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლებაში
ს ა რ ჩ ე ვ ი
1.შესავალი
2.მოკლე ინფორმაცია კლასის შესახებ
3.პობლემა და საკვლევი საკითხი
4.პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები
5.კვლევის მიზანი
6.კვლევის ამოცანები
7.პრაქტიკული კვლევის არსი
8.კვლევაში მონაწილეთა რაოდენობა.
9.ლიტერატურის მიმოხილვა
10.კვლევის მეთოდები
11.კვლევის ვადები
12.კვლევის შედეგები_მონაცემთა ანალიზი
13.კვლევის მიგნებები
14.შესაძლო ინტერვენციები
15. განხორციელებული ცვლილებები
16 .რეკომენდაციები
17.ინტერვენციის შეფასება
18.დასკვნა
19 გამოყენებული ლიტერატურა
20. დანართები
შესავალი
მოტივაციის ამაღლება სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესების ერთ-ერთი მთავარი პირობაა,ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს იმას,თუ როგორ ახერხებს მასწავლებელი მოსწავლეებისათვის მამოტივირებელი გარემოს შექმნას.
წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს პრაქტიკული კვლევის ანგარიშს. მასში განხილულია დაწყებით კლასებში, მოტივაციის ნაკლებობით გამოწვეული პრობლემები, ამ პრობლემების გადასაჭრელად დაგეგმილი და განხორციელებული ცვლილებები.
მოკლე ინფორმაცია კლასის შესახებ: ჩემი კვლევის სამიზნე ჯუფს წარმოადგენს მე-3 კლასი. კლასში 8 მოსწავლეა,3 გოგონა და 5 ვაჟი. სსსმ ,ობოლი , სოციალურად დაუცველი ,შშმ მოსწავლე კლასში არ არის.
პრობლემა და საკვლევი საკითხი:კვლევის საფუძველი გახდა მოსწავლეებში მოტივაციის ნაკლებობა, რაც თავისთავად აისახებოდა მათ აკადემიურ მოსწრებაზე. სწავლების პროცესში ვამჩნევდი, რომ ზოგჯერ სასწავლო პროცესი მოსწავლეთათვის თითქოს მოსაწყენი , დამღლელი და უინტერესო ხდებოდა. ვიცოდი, რომ მოსწავლის მოტივაციას მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს მისი გარემო, თუმცა,მოსწავლეების მოტივირების თვალსაზრისით მასწავლებლის როლი ყველაზე მნიშვნელოვანია. გადაუდებელ საჭიროებად ჩავთვალე,გამომევლინა არსებული პრობლემის მიზეზები და მეპოვა მათი გადაჭრის გზები.დარწმუნებული ვიყავი, რომ მოტივაციის ამაღლებაზე სისტემატური მუშაობა დამეხმარებოდა მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ამაღლებასა და საწავლო პროცესის სასიამოვნოდ, სახალისოდ წარმართვაში.პრობლემის გადაჭრის სწორი გზების გამონახვა ხელს შემიწყობდა მოსწავლეებთან მუშაობაში, ჩემი გამოცდილება კი კოლეგებს თავიანთ მოსწავლეებთან მოტივაციის ამაღლებაში დაეხმარებოდა. სწორედ ამ საკითხების მოსაგვარებლად გადავწყვიტე განმეხორციელებინა კვლევა მე-3კლასის მოსწავლეებში, მათ მშობლებსა და დაწყებითი კლასების მასწავლებლებში.
პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები:მოტივაციის დაბალი დონე შეიძლება გამოწვეული იყოს სასწავლო მასალის შინაარსით.მოტივაციას ხელს უშლის როგორც ზედმეტად მარტივი,ასევე ზედმეტად რთული მასალა,რომელიც მოსწავლეს უმცირებს თვითშეფასებას,აკარგვინებს საკუთარი თავის რწმენას და სწავლის პროცესს მისთვის უინტერესოს ხდის. ასევე მოტივაციის დაკარგვის მიზეზი შეიძლება გახდეს კლასის ორგანიზების ფორმების ერთფეროვნება,სწავლების კოლექტიური ფორმების ნაკლებობა, გაუგებარი ,არასრული ინსტრუქციები დავალებების შესრულების დროს, შეფასების ფორმების არაეფექტური გამოყენება ,უყურადღებობა მშობლის, მასწავლებლის მხრიდან, სიახლეების ნაკლებობა- საგაკვეთილო პროცესში ახალი და საინტერესო რომ არაფერი ხდება, მშობელი საკმარისად არ არის ჩართული სასკოლო ცხოვრებაში, მოსწავლის პროგრესი უგუვლებელყოფილია, დავალებები ნაკლებად ორიგინალური , შემოქმედებითი და მრავალფეროვანია , შეფასება როცა მოსწავლეთა ურთიერთ შედარებისთვის გამოიყენება, მოსწავლეთა წახალისებისას თუ მასწავლებელი არ იცავს სამართლიანობის პრინციპს,ეს მოსწავლეებში გამოიწვევს სწავლაზე გულის აცრუებას,თუ მოსწავლე არ არის ჩართული სასწავლო პროცესის მართვა-დაგეგმვაში და მასწავლებელი თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას ყველაფერზე, მოსწავლე პასიური ხდება და მოტივაცია ეკარგება.
კვლევის მიზანი:შევისწავლო, გამოვავლინო პრობლემის-მოტივაციის ნაკლებობა-გამომწვევი მიზეზები და დავსახო მისი გადაჭრის ოპტიმალური გზები.
კვლევის ამოცანები:
- დაკვირვება მოსწავლეთა მოტივაციის დონეზე.
- ფოკუს-ჯგუფის შექმნა და პრობლემის გადაჭრის გზების ძიება.
- მოსწავლეთა, მშობელთა და მასწავლებელთა გამოკითხვა.
- მონაცემთა კოდირება და ანალიზი.
- შედეგებისა და დასკვნების პრეზენტაცია.
პრაქტიკული კვლევის არსი:პრობლემა წამოვაყენე საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე. იგი ეხება მოტივაციის ნაკლებობას დაწყებითი კლასების მოსწავლეებში და მდგომარეობს იმაში, რომ გამოვავლინო პრობლემის გამომწვევი მიზეზები და დავსახო ოპტიმალური გზები იმისათვის, თუ როგორ დავეხმარო მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლებაში.
პრაქტიკულ კვლევაში ჩართული პიროვნებები ერთმანეთს უზიარებენ მოსაზრებებს,იღებენ ერთობლივ გადაწყვეტილებებს და სასურველ შედეგებსაც აღწევენ. ესგ-ს მიხედვით დაწყებითი საფეხური განსაზღვრულია პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით ,მაგრამ რადგან მე და ჩემი კოლეგები საგაკვეთილო პროცესს წარვმართავთ მხოლოდ 1,2 3,4 კლასებში,ამიტომ კვლევაც ჩემი ამჟამინდელი-მე-3 კლასის მოსწავლეებში, მათ მშობლებსა და 1,2,3,4 კლასებში შემავალ პედაგოგებში განვახორციელე.
რაოდენობა:მე-3 კლასის 8 მოსწავლე
მე-3 კლასის მოსწავლეთა 8 მშობელი
1,2,3,4 კლასში შემსვლელი 5 მასწავლებელი.
პედაგოგიკაში ტერმინს „მოტივაცია“იყენებენ მოსწავლის სწავლის პროცესში ჩართულობის, სწავლის მიმართ ინტერესისა და დადებითი განწყობის აღნიშვნისათვის. მიჩნეულია, რომ მოტივაცია ინდივიდუალურია, ანუ ადამიანები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ერთმანეთისაგან როგორც მოტივაციის აღმძვრელი ფაქტორების, ისე მოტივაციის ხარისხის თვალსაზრისით.
დასავლური სკოლა გამოარჩევს ე.წ. შინაგან და გარეგან მოტივაციას.
შინაგანი მოტივაცია არის კონკრეტული ქმედებისაკენ სწრაფვა,სადაც განმსაზღვრელია ის შინაგანი ინტერესი, რომელიც მოსწავლეს სიამოვნებას ანიჭებს.
გარეგანი მოტივაცია კი არის კონკრეტული ქმედებისაკენ სწრაფვა, რომელიც გამოწვეულია გარე ფაქტორებით, გარკვეული ჯილდოს ან აღიარების მოპოვების სურვილით.
მეცნიერთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ 1,2,3 კლასებში მოსწავლეთა დიდი ნაწილი შინაგანად არის მოტივირებული,შემდეგ კი შინაგანი ინტერესი მნიშვნელოვნად იკლებს და მოსწავლეები უფრო დიდ ანგარიშს უწევენ გარე ფაქტორებს(სწავლება და შეფასება,2011).
თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში გარე ფაქტორებიც უძლურია, რადგან მასალა რთულდება , საგაკვეთილო პროცესი მოსაწყენი ხდება და მოსწავლე კარგავს სწავლის
მოტივაციას(ორმონდი,2008).
მოტივაციის თემაზე ქართველი მეცნიერებიც მუშაობდნენ. დ. უზნაძეს მიაჩნდა,რომ ნამდვილი სწავლა შესაძლებელია მხოლოდ შინაგანი მოტივაციის პირობებში(უზნაძე,2003). იგივე მოსაზრება ჰქონდა ცნობილ ქართველ მკვლევარს შ. ჩხარტიშვილსაც. თავის ნაშრომებში იგი ერთმანეთისაგან ანსხვავებს შინაგან და გარეგან მოტივებს .(ჩხარტიშვილი,1972)
მასწავლებელმა შეიძლება გამოიყენოს შინაგანი და გარეგანი მოტივაციის სტრატეგია, რა თქმა უნდა საჭიროებისამებრ. სწორედ მათი შეზავებითა და ვარირებით მიიღწევა სასურველი , მაქსიმალური შდეგი. აქ მოსწავლის ხასიათი, მისი ბუნება და ასაკი გადამწყვეტ როლს თამაშობს.
მონაცემთა შეგროვება განვახორციელე შემდეგი მეთოდების გამოყენებით:
- ფოკუსირებული დაკვირვება----კვლევის დასაწყისში ვაწარმოებდი საგაკვეთილო პროცესებზე დაკვირვებას მოტივაციის თვალსაზრისით.ეს მეთოდი დამეხმარა საკვლევი საკითხის ჩამოყალიბებაში.
- გამოკითხვა--- შევადგინე კითხვარები მოსწავლეებისა და მათი მშობლებისათვის. კითხვარების შევსება გამოვიყენე მათი მხრიდან საკითხისადმი დამოკიდებულებისა და მოსაზრებების დასადგენად.
კითხვარების შევსება დამეხმარა პასუხი გამეცა საკვლევი საკითხის მთავარ კითხვებზე: რა შეიძლება იყოს დაბალი მოტივაციის მიზეზები და როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლებაში.
- ფოკუსჯგუფი---ჩავატარე დაწყებითი კლასის პედაგოგებში. სადისკუსიო საკითხი იყო მოტივაციის სახეები, კერძოდ, მოტივაციის რომელ სტრატეგიას ანიჭებენ უპირატესობას და რატომ. ამ მეთოდის მიზანი არ ყოფილა რაიმე გადაწყვეტილების მიღება. მან საშუალება მომცა გამეანალიზებინა კოლეგების მოსაზრებები საკითხის მიმართ და სხვა თვალით დამენახა იგი.
- მეორადი მონაცემების ანალიზი----გამოვიყენე მეორადი მონაცემების დამუშავებისათვის. შევკრიბე და დავახარისხე მონაცემები პედაგოგთა მიერ სწავლების პროცესში გამოყენებული მოტივაციის ფორმების შესახებ.
აქტივობა
|
დრო
|
პრობლემის შერჩევა,კვლევის გეგმის შემუშავება
|
სექტემბერი
|
დაკვირვება,გამოკითხვა(კითხვარების შევსება),ფოკუსჯგუფი,მეორადი მონაცემების ანალიზი
|
ოქტომბერი
|
ინტერვენციების განხორციელება
|
ნოემბერი -ივნისი
|
სამუშაო შეხვედრები კოლეგებთან
|
მთელი სასწ. წლის მანძილზე
|
კვლევის შედეგების ანალიზი,პრეზენტაცია კოლეგებთან
|
ივნისი
|
კვლევის ანგარიშის მომზადება
|
ივნისი
|
|
|
ფოკუსირებული დაკვირვება დამეხმარა გამომეკვეთა კვლევის კონკრეტული ელემენტები,კერძოდ,მოსწავლეთა მოტივაციის ხელშემშლელი ფაქტორები . გამოირკვა, რომ ეს შეიძლება იყოს:
- მოსწავლეთა ნაკლები ჩართულობა საკუთარი სასწავლო პროცესის დაგეგმვაში,
- მშობელთა პასიურობა ,ნაკლები დაინტერესება შვილის პროგრესით,
- ზოგიერთი მოსწავლის შემთხვევაში თვითშეფასების დაბალი დონე
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარ-ჩვევების ნაკლებობა.
- მშობლების მიერ კითხვარების შევსებამ საშუალება მომცა დამედგინა მოსწავლეთა მოტივირების დონე მშობელთა გადასახედიდან,ასევე ვისი როლი მიაჩნიათ უფრო მნიშვნელოვნად მოტივირების თვალსაზრისით, რომელი ფაქტორები განსაზღვრავენ მშობელთა მხრიდან მოსწავლეთა მოტივაციას და რა გზები მიაჩნიათ ეფექტურად მოტივაციის ამაღლებაში დასახმარებლად. მშობელთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მასწავლებლის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მოტივირების თვალსაზრისით, თუმცა არანაკლებ შედეგიანი იქნება მეტი დაინტერესება შვილის აკადემიური მოსწრებით, მეტი ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში, მჭიდრო კონტაქტი მასწავლებელთან, მშობელთა შესაძლო პედაგოგიზაციის განხორციელება მასწავლებლის მიერ(დანართი 1).
- მოსწავლეთა გამოკითხვით გაირკვა, რომ მოტივაციას ხელს უშლის მასალის სირთულე, ზოგჯერ-პირიქით.
მოსწავლეებს ბეზრდებათ ერთფეროვანი სასწავლო მასალა,არ მოსწონთ რეიტინგებით შეფასება, დადებითად მოქმედებს მათზე დამსახურებული, ობიექტური, სამართლიანი შეფასება, წახალისება. მოსწონთ ინტელექტუალური თამაშები , საინტერესო კლასგარეშე აქტივობები, ჩართვა საკლასო გადაწყვეტილებების მიღებაში,შეფასების ინსტრუმენტების მომზადებაში,სწავლების კოლექტიური ფორმები.
- პედაგოგების გამოკითხვის მიზანი იყო მათი აზრის გაგება მოტივაციის თვალსაზრისით.
ფოკუსჯგუფის შედეგების ანალიზისას გამოვლინდა, რომ დაწყებით კლასებში პრობლემა თითქმის ერთი დაიგივეა.მათ მიაჩნიათ, რომ კოლეგების ერთობლივი მუშაობა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას.(დანართი 2)
მონაცემთა ანალიზისას გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიგნება:
სასწავლო პროცესზე დაკვირვებამ მიჩვენა,რომ მოტივაციის დონე იკლებს, როცა მოსწავლე ვერ ხედავს ცოდნის პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობას. ასევე ნაკლებ ინტერესს აღძრავს მათში ზედმეტად უინტერესო მასალა.მოსწავლე ეჩვევა საკითხის ადვილად მოგვარებას და სტიმულიც აღარ აქვს.ზედმეტად რთული მასალა კი თვითშეფასებას უმცირებს-რაც მისთვის მიუღწეველია, თავისთავად უინტერესოც ხდება.
არაეფექტურია მოსწავლეთა შედარება, ყველაზე წარმატებული ან ჩამორჩენილი მოსწავლის საჯაროდ გამოყოფა, რეიტინგების შედგენა,მაგალითად, რეიტინგის ბოლო ადგილზე გასული მოსწავლე კარგავს არა მხოლოდ ინტერესს სწავლის მიმართ,არამედ საკუთარი შესაძლებლობების რწმენასაც.
მოსწავლის პროგრესზე სისტემატური კონტროლი და დადებითი უკუკავშირი მოტივაციის გაღვივების მნიშვნელოვანი პირობაა.
წახალისებისა და შექებისას დიდი მნიშვნელობა აქვს სამართლიანობისა და ობიექტურობის დაცვას.უმნიშვნელო წარმატებისთვის სისტემატური წახალისება შეიძლება ინტერესის დაკარგვის მიზეზი გახდეს.
კვლევის პროცესში შევიმუშავე ინტერვენციის რამდენიმე ვარიანტი:
- კოლეგებთან თანამშრომლობის გაღრმავება,აზრთა გაზიარება.
- მშობლებთან ურთიერთობის გააქტიურება მათი პედაგოგიზაციის მიზნით,რაც დაეხმარებათ შვილების საჭიროებების უკეთ დანახვასა და გაანალიზებაში.
- მოსწავლეებთან ინდივიდუალური მუშაობის გააქტიურება მათი პიროვნული და ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით.
- მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდა შეფასების ინსტრუმენტების მომზადებაში.როცა მოსწავლე პასუხისმგებელია საკუთარ განათლებასა და განვითარებაზე, ამ შემთხვევაში მისი მოტივაციაც იზრდება და სასწავლო პროცესში ჩართულობაც.
- მოტივაციის ასამაღლებლად საჭირო სტრატეგიების გაცნობა-დამუშავება კოლეგებთან ერთად.ვფიქრობ ეს აქტივობა დაეხმარება მათ უკეთ გაარკვიონ ,რომელი სტრატეგია რომელ კონკრეტულ შემთხვევაში უფრო ეფექტურია.
- სასწავლო აქტივობების კიდევ უფრო გამრავალფეროვნება , მათი დაგეგმვა და განხორციელება მშობლების ჩართვით.
- განხორციელებული ცვლილებები
კოლეგებთან ერთად განვიხილეთ ინტერვენციის ზემოთჩამოთვლილი ვარიანტები. ჩავთვალეთ, რომ ყველა მათგანი შეესაბამებოდა კვლევის მიზანს და ძალიან დამეხმარებოდა პრობლემის მოგვარებაში. შესაბამისად, ვეცადე მათ სრულად განხორციელებას:
- კოლეგებთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით რეგულარულად ვაწარმოებდით სამუშაო შეხვედრებს, სადაც ვეცნობოდით საჭირო ლიტერატურას, ვუზიარებდით ერთმანეთს აზრებს, ვითვალისწინებდით გამოცდილებას და ვსახავდით პრობლემის მოგვარების ეფექტურ საშუალებებს. ხდებოდა გაკვეთილებზე ურთიერთდასწრება.
- მნიშვნელოვნად გავააქტიურე თანამშრომლობა მშობლებთან. მათი პედაგოგიზაციის მიზნით რეგულარულ შეხვედრებზე საუბრები მქონდა საკვლევ საკითხთან დაკავშირებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების გზებზე.ყოველივე ეს ეხმარებოდათ შვილების საჭიროებების უკეთ დანახვაში და უადვილებდათ ურთიერთობას არა მხოლოდ მოტივაციის თვალსაზრისით.
- წარმატებული გამოვიდა მოსწავლეებთან ინდივიდუალური მუშაობის გააქტიურება პიროვნული და ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით.მოსწავლეს, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ მეტი არ შეუძლია, არ აქვს საკმარისი ცოდნა სასარგებლო იყოს თანამშრომლობით მუშაობაში,მისი აზრი არც ისე მნიშვნელოვანია და სხვა,ინდივიდუალური მიდგომით დავეხმარე საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენაში, ერთად გამოვარკვიეთ მისი დაბალი მოტივაციის მიზეზი, მას დაუბრუნდა თავისი თავის რწმენა, „დიდი მტერი-სიზარმაცე ისეთ ადგილას გადავაგდეთ, რომ უკან მოხედვის საშუალება არ დავუტოვეთ“,მოსწავლე ისე გააქტიურდა, ეფექტური უკუკავშირებით ისეთი მოტივირებული გახდა, რომ თითქმის აღარ განსხვავდება სხვებისაგან, თავისუფლად გამოთქვამს აზრებს, ასაბუთებს კიდეც თავის მოსაზრებას, დარწმუნებულია რომ კიდევ მეტი შეუძლია.
- საწავლო პროცესზე დაკვირვებისას შევნიშნე, რომ ნიჭიერი მოსწავლისთვის სასწავლო მასალა ძალიან მარტივი იყო , რაც მისი მოტივაციის კლებას განაპირობებდა. მას ვთავაზობდი განსხვავებულ სავარჯიშოებს, ეტაპობრივად ვართულებდი დავალებებს, ვაკონტროლებდი შესაძლებლობების ზღვარს. მოსწავლის მოტივაციის დონე ამაღლდა, მოსამზადებელი მეცადინეობების შემდეგ წარმატებით მონაწილეობდა სხვადასხვა საგნობრივ და ინტელექტუალურ კონკურსებში, პროექტებში. სწავლება მისთვის აღარ იყო მოსაწყენი და უინტერესო.
- კარგი შედეგი გამოიღო მოსწავლეთა ჩართვამ შეფასების ინსტრუმენტების მომზადებაში.გაიზარდა მათი პასუხისმგებლობა და მოტივაცია მაღალი აკადემიური შედეგების მისაღწევად.
- მოტივაციის ამაღლებისათვის საჭირო სტრატეგიების გაცნობა -დამუშავება ხდებოდა კოლეგებთან შეხვედრებზე, „კრიტიკული მეგობრის“ დახმარებით, ერთმანეთის გაკვეთილებზე დასწრებით,ასევე შესაძლებლობა გვქონდა გვენახა სქემაში ჩართული კოლეგების სამოდელო და სტანდარტიზებული გაკვეთილები.ეს ყველაფერი გვეხმარებოდა გაგვერკვია, რომელია მოტივაციის ამაღლების უფრო ეფექტური სტრატეგია მოცემულ შემთხვევებში.
- შევეცადე უფრო მრავალფეროვანი გამეხადა სასწავლო და კლასგარეშე აქტივობები.მშობლების ჩართულობით განვახორციელე ინტელექტუალური შოუ-„დედის გულის ვარდი“,რომელმაც შესამჩნევად გაზარდა მოსწავლეთა მოტივაცია,ყველა დიდი მონდომებით ცდილობდა გამხდარიყო ამ ტიტულის მფლობელი.მათ მშობლებიც ეხმარებოდნენ და ეს კიდევ უფრო მეტ ინტერესს იწვევდა.
- მოსწავლეებთან ერთად გავააქტიურე სემესტრული და წლიური შემაჯამებელი აქტივობები.კერძოდ,კითხვისა და კალიგრაფიის კონკურსები, მოგზაურობა სასიტყვეთში, ყველაზე ყოჩაღი.დავაწესეთ სხვადასხვა ნომინაციები, მოვახდინეთ დაჯილდოება-წახალისებები შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით, დავგეგმეთ საზაფხულო დავალებები.ფუნქციონირება განაახლა საზაფხულო სკოლამ,რომლის პროგრამა მოიცავს ამოცანების ამოხსნასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობას . მოსწავლეები ხალისით ჩაერთვნენ სკოლის მუშაობაში,აქვთ საინტერესო მოლოდინები.
კვლევის პროცესიდან გამომდინარე შემიძლია კოლეგებს შევთავაზო რამდენიმე რეკომენდაცია:
- სისტემატური სახე მიიღოს მასწავლებელთა სამუშაო შეხვედრებმა.
- მასწავლებლები გაეცნონ შესაბამის ლიტერატურას და მოახდინონ აზრთა გაზიარება.
- მასწავლებელმა იზრუნოს მშობელთა პედაგოგიზაციისათვის.
- მასწავლებელმა მოტივაციის ამაღლებისათვის მუშაობაში სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენებისას გაითვალისწინოს მოსწავლეთა საჭიროებები ასაკობრივი და პიროვნული თავისებურებების მიხედვით.
- მასწავლებელმა უნდა გამოიყენოს როგორც შინაგანი, ასევე გარეგანი მოტივაციის ფორმები,თუმცა ყურადსაღებია,რომ შინაგანი მოტივაცია უფრო მდგრადია და მოსწავლეთა განვითარებას განსაკუთრებულად უწყობს ხელს.
- მასწავლებელმა გამონახოს მოსწავლეებთან ინდივიდუალური მიდგომის ეფექტური ფორმები.
ინტერვენციის შეფასების მიზანს წარმოადგენდა გამეგო,რამდენად ეფექტური იქნებოდა განხორციელებული აქტივობები საკვლევი საკითხის-როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლებაში- მოგვარებისათვის, დაეხმარებოდა თუ არა ისინი მასწავლებელს, მშობლებს, მოსწავლეებს პრობლემის გადაჭრაში.
მასწავლებლებთან, მშობლებთან, მოსწავლეებთან ინტერვენციების შესაფასებლად ჩატარებული გამოკითხვების შედეგად გამოჩნდა, რომ
- პრობლემის კოლეგებთან განხილვა, გაკვეთილებზე დასწრება,სამუშაო შეხვედრების ორგანიზება,აზრთა გაზიარება ძალიან დაეხმარა მასწავლებლებს პედაგოგიურ საქმიანობაში.
- მშობლებმა მიიღეს მეტი ინფორმაცია მოტივაციის თვალსაზრისით შვილებთან მუშაობის უნარ-ჩვევებზე, უკეთ დაინახეს მათი საჭიროებები,გაეცნენ მოტივაციის სხვადასხვა სტრატეგიებს,რაც დაეხმარათ პრობლემის გადაჭრის გზების მოძებნაში.
- მრავალფეროვანმა საკლასო და კლასგარეშე აქტივობებმა, მასწავლებლის ინდივიდუალურმა მიდგომებმა,მოსწავლეთა ჩართვამ სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და შეფასების ინსტრუმენტების მომზადებაში (კროსვორდები,რებუსები,ტესტები,სიტუაციური ამოცანები,ცხრილები, კითხვარები დიაგრამები...)მნიშვნელოვნად აამაღლა მოტივაციის დონე მოსწავლეებში და სწავლების ხარისხმა საგრძნობლად მოიმატა.
- ინტერვენციების შეფასებაში გარკვეული წვლილი შეიტანა სკოლის მასწავლებელთა შეფასების ჯგუფმა.მე,როგორც ერთერთი წევრი, ვმონაწილეობდი ჯგუფის მუშაობაში და ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მათი დადებითი შეფასებები კოლეგების მიერ ჩატარებულ გაკვეთილებზე გამოყენებული მამოტივირებელი რესურსების, სტრატეგიებისა და აქტივობების შესახებ.
- კვლევის პროცესში რაიმე ნაკლოვანება არ შემინიშნავს, ხელისშემშლელ გარემოებებს ადგილი არ ჰქონია.
ჩემ მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე შემიძლია დავასკვნა, რომ კლასში დაბალი მოტივაციის მიზეზებია:
- მოსწავლეთა ნაკლები ჩართულობასაკუთარი სასწავლო პროცესის დაგეგმვაში
- მშობელთა პასიურობა, ნაკლები დაინტერესება შვილის პროგრესით.
- ზოგიერთი მოსწავლის შემთხვევაში თვითშეფასების დაბალი დონე.
მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას კი ძალიან უწყობს ხელს
- მასწავლებლის მხრიდან სწავლების მრავალფეროვანი სტრატეგიების გამოყენება
- თანამშრომლობითი გარემოს ჩამოყალიბება
- კარგი პიროვნული ურთიერთობები
- განსხვავებული აქტივობები
- მშობელთა ჩართულობის გაზრდა
კვლევაში აღნიშნული პრობლემების აღმოსაფხვრელად გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები. გატარებული ინტერვენციების შეფასებისას გამოვლინდა, რომ ყველა მათგანი შედეგიანი იყო.
- უზნაძე, დ.(2003) სასკოლო ასაკის ფსიქოლოგია,თბილისი.
- ჩხარტიშვილი,შ.(1972) სწავლის მოტივაციური სტრუქტურა. სკოლა და ცხოვრება. თბილისი.
- სწავლება და შეფასება, 2011.
- მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის გზამკვლევი, 2014.
დანართი1-კითხვარი მე-3 კლასის მოსწავლეთა მშობლებისათვის
მოგესალმებით!
ღვანკითის საჯარო სკოლის მე-3 კლასში ვატარებ პრაქტიკულ კვლევას მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასთან დაკავშირებით. თქვენი, როგორც მშობლის, მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებისათვის. თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია. კითხვარზე თქვენი სახელის და გვარის მითითება საჭირო არ არის.
1.როგორ ფიქრობთ,არის თქვენი შვილი მოტივირებული სასწავლო პროცესისადმი?
ა)დიახ
ბ)არა
გ)ნაწილობრივ
2.ვისი როლი უფრო მნიშვნელოვანია მოსწავლეების მოტივირების თვალსაზრისით
ა) მშობლის
ბ)მასწავლებლის
გ)თანატოლების
დ)სხვა:
3.რა განსაზღვრავს თქვენი შვილის მაღალ მოტივაციას
ა) წახალისება
ბ)ჯილდო
გ)თქვენი შექება
დ)სხვა:
4.რომელი ფაქტორი განსაზღვრავს თქვენი შვილის დაბალ მოტივაციას
ა)სასწავლო მასალის სირთულე
ბ)თქვენი უყურადღებობა
გ) მასწავლებლის არაობიექტური შეფასება
დ)სხვა:
5.რით შეგიძლიათ დაეხმაროთ შვილს მოტივაციის ამაღლებაში
ა)მატერიალური წახალისებით
ბ)სასკოლო ცხოვრებაში საკუთარი ჩართულობის გააქტიურებით
გ)საშინაო დავალებების შესრულებაში დახმარებით
დ)სხვა:
დანართი 2. კითხვარი მე-3 კლასის მოსწავლეთათვის
მოგესალმებით!
კლასში ვატარებ კვლევას მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასთან დაკავშირებით. კვლევის წარმატებით განხორციელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მოსაზრება ზოგიერთ საკითხზე. გთავაზობთ კითხვარს.თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია. კითხვარში სახელის და გვარის მითითება საჭირო არ არის.
1.როგორი განწყობით მიდიხარ სკოლაში?
ა)ხალისით
ბ)ვალდებულებით
გ)საინტერესო მოლოდინებით
დ)სხვა:
2.მოგწონს თუ არა შენი სასწავლო გარემო?
ა) კი
ბ)არა
გ)ისე რა
3. როგორი გინდა იყოს შენი მასწავლებელი?
ა) ლამაზი
ბ) სამართლიანი
გ)მკაცრი
დ) სხვა:
4. რომელი აქტივობა იწვევს შენში განსაკუთრებულ ინტერესს?
ა)კითხვებზე პასუხის გაცემა
ბ) დამოუკიდებელი სამუშაო
გ)მასწავლებლის საუბარი
დ)სხვა:
5.კლასის ორგანიზების რომელი ფორმა იწვევს შენში განსაკუთრებულ ინტერესს?
ა) ჯგუფური მუშაობა
ბ)წყვილებში მუშაობა
გ)როლური თამაშები
დ)სხვა:
6.რამ შეიძლება დაგიკარგოს სწავლისადმი ინტერესი?
ა) მასწავლებლის უყურადღებობამ
ბ)დაუმსახურებელმა შეფასებამ
გ)სასწავლო მასალის სირთულემ
დ)სხვამ:
7)წახალისების რომელი ფორმაა შენთვის მოტივაციის მომცემი?
ა)შექება
ბ)ჯილდო
გ)განმავითარებელი კომენტარი
დ)სხვა
7.კლასგარეშე აქტივობებიდან რომელს ანიჭებ უპირატესობას?
ა) ექსკურსიებს
ბ)სპორტულ ღონისძიებებს
გ)ინტელექტუალურ თამაშებს
დ)სხვას:
გმადლობთ მონაწილეობისათვის!
კვლევის ავტორი:
გენერალ გურამ ქარქაშაძის სახელობის ღვანკითის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი
ნ ი ნ ო გ ო გ ი ა შ ვ ი ლ ი
2017-2018 წელი